შუა დერეფანი საქართველოსთვის გეოპოლიტიკურ სტაბილურობას ნიშნავს, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით,ბოლო პერიოდის სატარიფო პოლიტიკის მიუხედავად, რომელიც აშშ-ის რუსეთთან აქვს, შუა დერეფანი კონკურენტუნარიანი დარჩება, რადგან სტრატეგიულია და ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.
"შუა დერეფანი საქართველოსთვის ეკონომიკის ჭრილში განვითარებას, მეტ დასაქმებულს და მეტ წარმატებულ ბიზნესს ნიშნავს. ვხედავთ, რომ გლობალურად ვითარდება განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა, გაცხადებულია პორტის მშენებლობა და როგორც ყოველთვის ჩვენ, ადამიანებს ყველაფერი სწრაფად და უფრო მარტივად გვინდა. ინვესტიციების თვალსაზრისით საკმაოდ წინ წავიწიეთ და წელს ფაქტობრივად, ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით ჩვენს წარმადობას გავასამმაგებთ როგორც თბილისში, ისე ფოთში.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბიზნესი სულ ტურბულენციაშია იმუნიტეტი გააჩნია და ამას ვხედავთ ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი დარგიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ აქტიური და ადაპტირებადია ჩვენი მეწარმე და შუა დერეფნის განვითარებაზე გადამისამართება აქტიურად განვახორციელეთ, განსაკუთრებით კი ტრანსკონტინენტურ გადაზიდვებზე. მანამდე ამ ტვირთების 99% ჩრდილოეთ კორიდორით მიედინებოდა, ხოლო დღეს მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძვირი ვართ და დროშიც ჭიანურდება, რადგან კასპიის ზღვის შტორმები შემაფერხებელია, მაინც კონკურენციას ვუწევთ. წითელი ზღვის კრიზისი შეიძლება ითქვას, რომ შედარებით გამოვიყენეთ, თუმცა ფოთის პორტს აზერბაიჯანის მიმართულებაზე საკონტეინერო გადაზიდვები მოაკლდა, მაგრამ მეორეს მხრივ სახმელეთო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან საქართველოს გავლით საკმაოდ გაიზარდა. ამასთან, მაქსიმალურად გადავერთვეთ ჩინურ მიმართულებაზე.
ბოლო კვლევების თანახმად, ჩინეთის ექსპორტის 15-20%-მდე შუა დერეფნით არის გატარებული, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბოლო პერიოდის სატარიფო პოლიტიკის მიუხედავად, რომელიც აშშ-ის რუსეთთან აქვს, შუა დერეფანი კონკურენტუნარიანი დარჩება, რადგან სტრატეგიულია და ინფრასტრუქტურა ვითარდება. ეს სატარიფო ომი გავლენას იქონიებს იმაზე, რომ ჩინელ ექსპორტიორებს ახალი ბაზრები დასჭირდებათ. ეს ახალი ბაზრები კი დსთ და ევროპაა - შესაბამისად, ჩვენ აქედან ვიხეირებთ", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.